__S_E_R_C_H__ პარასკევი, 10.05.2024, 10:05
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მარტი » 4 » „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ ალილოობა საქართველოში ქრისტეშობის სიმბოლოები
22:20
„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ ალილოობა საქართველოში ქრისტეშობის სიმბოლოები


ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა. კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი. დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა: - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს. მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ. ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა. ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ. გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა: - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ. „ქალწული შობს დღეს მაცხოვარს" - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს: - როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?! საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას. წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ! ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 2118 | დაამატა: digmelebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz